საკვლევ მკურნალობასთან დაკავშირებული კითხვები

თქვენ შემთხვევით მოთავსდებით სამკურნალო ჯგუფში, რათა მიიღოთ ორი საკვლევი პრეპარატი (დაბალი დოზების ჯგუფი ან მაღალი დოზების ჯგუფი) ან მკურნალობის ვარიანტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კიბოს მოცილების ოპერაციის შემდეგ მელანომის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, სახელწოდებით პემბროლიზუმაბი, პლაცებოთი.

საკვლევი მედიკამენტი ნიშნავს იმას, რომ საკვლევი პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ ყოფილა სრულად შესწავლილი და ადგილობრივი მარეგულირებელი ჯანდაცვის ორგანოების მიერ ის არ არის ნებადართული კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, თუმცა, დაშვებულია კლინიკური კვლევის ფარგლებში გამოსაყენებლად.

საკვლევი წამლები მოქმედებს იმით, რომ ეხმარება თქვენს იმუნურ უჯრედებს კიბოს უჯრედების პოვნაში და განადგურებაში.

პემბროლიზუმაბი დაშვებულია ზოგიერთ ქვეყანაში ზრდასრულებში მელანომის სამკურნალოდ. სხვა საკვლევი პრეპარატებიდან ერთ-ერთი დაშვებულია ზოგიერთ ქვეყანაში კიბოს სხვა ტიპების სამკურნალოდ, მაგრამ ამჟამად არ არის დაშვებული მელანომის სამკურნალოდ. მესამე საკვლევი პრეპარატი არ არის დამტკიცებული არცერთ ქვეყანაში რაიმე სახის მკურნალობისთვის.

პლაცებო საკვლევ პრეპარატს ჰგავს, მაგრამ აქტიურ მედიკამენტს არ შეიცავს. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს, საკვლევი მედიკამენტი რამეს შეადარონ და უკეთ გაიგონ მისი მოქმედება. კვლევაში არავინ მიიღებს მხოლოდ პლაცებოს. ყველა მიიღებს კიბოს საწინააღმდეგო აქტიურ პრეპარატს.

მკურნალობის ჯგუფებში მონაწილეების განაწილება მოხდება კომპიუტერის მეშვეობით შემთხვევითობის პრინციპით, როგორც კარტების არეული დასტიდან კარტის ამოღება. ამას რანდომიზაცია ჰქვია.

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, შესაძლოა, აღინიშნოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არის მედიკამენტის არასასურველი და განუზრახველი მოქმედების გამოვლინება. შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრეთ მკვლევარ ექიმს. მთელი კვლევის განმავლობაში თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებიან. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარ ექიმს უთხრათ, ჯანმრთელობის მდგომარეობაში რაიმე ცვლილებას თუ შეამჩნევთ ან თუ რაიმე შეგაწუხებთ.

კვლევასთან დაკავშირებული ზოგადი კითხვები

კვლევაში შეიძლება ჩართული იყოთ 5 წლამდე პერიოდის განმავლობაში.

12 თვის განმავლობაში დაახლოებით ყოველ 3 კვირაში ერთხელ გექნებათ კვლევის ვიზიტები საკვლევი მკურნალობის მისაღებად და გარკვეული ანალიზების გასაკეთებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ მკურნალობის გაგრძელება თქვენთვის უსაფრთხოა. თქვენ ასევე გექნებათ სამეთვალყურეო სკანირება დაახლოებით ყოველ 12 კვირაში ერთხელ. ის, თუ რამდენად ხშირად მოგიწერთ კვლევით ცენტრში მოსვლა საკვლევი მედიკამენტის უკანასკნელი დოზის მიღების შემდეგ, დამოკიდებული იქნება თქვენი სიმსივნის მდგომარეობაზე.

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობით, შესაძლოა, მიიღოთ ან არ მიიღოთ პირდაპირი სარგებელი. თუმცა, იმ ექიმების უწყვეტი ყურადღების ქვეშ იქნებით, რომელთაც მელანომის მკურნალობის გამოცდილება აქვთ, ხოლო კვლევის დროს მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება მომავალში დაეხმაროს ექიმებს მელანომის მქონე სხვა ადამიანების მკურნალობაში.

საკვლევი პრეპარატები, ვიზიტები, ანალიზები თუ კვლევისთვის აუცილებელი სხვა საშუალებები თქვენთვის უფასო იქნება.

HARMONY-Adjuvant კვლევას აფინანსებს ბიოტექნოლოგიური კომპანია – Regeneron Pharmaceuticals. ისინი გადაუხდიან თანხას მკვლევარ ექიმს და კვლევით ცენტრს ამ კვლევის ჩატარებისთვის.

კვლევაში ყოფნა სრულიად ნებაყოფლობითია. თუ გადაწყვეტთ გაწევრიანებას და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დატოვოთ კვლევა.